რა ვუყოთ ეჭვიანობას?

რატომ გვარწმუნებს ზოგიერთი, რახან ეჭვიანობს, ე. ი. უყვარხარო? –  მგონი ასე   არ    უნდა იყოს. თუ ვუყვარვარ -ალბათ იეჭვიანებს კიდეც, მაგრამ თუ ეჭვიანობს   ვინმე –  ეს  აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ ვუყვარვარ.

 მაინც საიდან ჩნდება “ეჭვიანობა”?

მაგალითად, მყავს თაყვანისმცემელი… მაღმერთებს, მაგრამ მოსაწყენი ვინმეა. როყიო ლაპარაკი იცის, გაუთლელი ტიპია (ასე მეჩვენება, ყოველ შემთხვევაში). მის შეყვარებას სიზმარშიც არ ვუშვებ. მაგრამ, აი, პარადოქსი: უცებ რომელიმე თავხედმა გოგომ თვალი რომ დაადგას და საკუთარი თაყვანისმცემლების “არმიაში” გადაბირება დაუპიროს – ისეთი მტრული გრძნობა გამიჩნდება, თითქოს უძვირფასესი რამ მოტყუებით წამართვეს. მინდა, სასწრაფოდ დავაბრუნო თავის ადგილზე! გაოგნდები ადამიანი:

ადრე ერთ მზერასაც არ ვიმეტებდი. საერთოდ, საერთოდ არ მომწონდა, ყურადღებასაც არ ვაქცევდი. ახლა კი!.. როგორ გააჩინა ამ უწყინარმა ბიჭმა ეს გრძნობების ქარიშხალი, რატომ ვეჭვიანობ, რატომ ვბრაზობ?

როგორც ჩანს, ეჭვიანობა მეორე ადამიანზე (ან ადამიანებზე) გავლენის, “ბატონობის” დაკარგვის შიში ყოფილა. ეს ნაწილობრივ, საკუთარ ძალებში ურწმუნოებაა და იმის შიში, რომ შენი გავლენის ობიექტს ვერ გაუმკლავდები. მაშ, რაღა უნდა ქნა?

ზოგიერთი წარმოუდგენელ გამოსავალს პოულობს, წინდაწინ ისეთ ობიექტს ირჩევს, რომელზეც პრეტენზიას სხვა ნაკლებად განაცხადებს. თუმცა, ზემოთ მოყვანილი მაგალითი, დამეთანხმებით ალბათ, სრულიად საწინააღმდეგოს გვიჩვენებს – ეს ერთი; მეორეც – ობიექტი შეიძლება სრულიად არაფერ შუაში იყოს, რადგან ეჭვიანობა – საკუთარი გაუცნობიერებელი სისუსტის და არასრულფასოვნების ანარეკლია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – საქმე ჩვენშია.

როცა ამ დამღუპველი გრძნობის ხასიათი იცი, საკუთარ თავზე უნდა იმუშაო – თვითშეფასება აიმაღლო, საკუთარ თავში მეტად დარწმუნდე და ამისთვის შენი პიროვნული ზრდით დაკავდე! მაშინაც კი, როცა შენს ეჭვიანობას გარემო ფაქტორები ასაზრდოებენ, მაგალითად, დოკუმენტურად – (როგორც ოტელოსთვის ცხვირსახოცი იყო) – მანამ, სანამ რჩეულს პრეტენზიების კორიანტელს დააყრი, ჰკითხე თავს – ვინ და რა მიზნით ანგრევს თქვენს ბედნიერებას?! იქნებ ეს შურია, იქნებ ვინმე ერთგვარ შანტაჟს გიწყობს, საყვარელი კაცი კი არაფერ შუაშია, არაფერი დაუშავებია და ”მასალები” (როგორც დღეს ამბობენ) “ფაბრიკაციის პროდუქტია” – მოკლედ, ჯერ ყველაფერი აწონ-დაწონე და მხოლოდ ამის შემდეგ, ფხიზელი გონებით მიიღე გადაწყვეტილება!

მეუღლის გრძნობებზე თამაშის მოყვარული ქალბატონები და ბატონებიც არსებობენ. მეტი სიმძაფრე რომ შესძინონ უკვე შემდგარ ურთიერთობას, ეჭვიანობის შეტევის პროვოცირებას აკეთებენ: სურთ, პარტნიორის სიყვარული სხვებისთვისაც თვალსაჩინო გახადონ. არადა, როცა გინდა, აეჭვიანო და უმიზეზოდ, გამოგონილი სიტუაციით მანიპულირებ, შესაძლოა: ა) საკუთარ დაგებულ ხაფანგში თავად აღმოჩნდე; ბ) შენი თამაშის სრულიად შემთხვევითი, უდანაშაულო მესამე მონაწილის ჯანმრთელობას და სიმშვიდესაც უქმნი საფრთხეს. გ) თანაც გასათვალისწინებელია ისიც, რომ ღირსეული და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი პარტნიორის გადაწყვეტილებას და არჩევანს ყოველთვის პატივს სცემს. შენში სხვის მიმართ გაჩენილ გრძნობას რომ “აღმოაჩენს”, შეიძლება დიდსულოვნად, უბრალოდ, ბედნიერებისკენ გზა დაგილოცოს და განზე გადგეს. აბა, მერე რაღა უნდა ქნა?

ყველაზე საშიში მაინც ის შემთხვევაა – როცა ერთ-ერთი მხარე ბოდავს ეჭვიანობით, არც საფუძველი აქვს, არც რეალობით გამაყარებული არანაირი ფიქრი. რწმენით, რომ მეუღლე უღალატებს, ისეა შეპყრობილი, როგორც რაიმე სენით… თვითკრიტიკა ასეთ მეუღლეს საერთოდ არ აქვს ხოლმე. ის შეეცდება გააკონტროლოს შენი ცხოვრება დღეში 24 საათის მანძილზე. ფეხდაფეხ გამოგყვეს ყველგან, გადაეკიდოს ვითომდა თავის მეტოქეებს, ბრაზი ბავშვებისკენ მიმართოს და ა. შ. ასეთ დროს ვერ იქნები დარწმუნებული იმაში, რას მოიმოქმდებს ამ აკვიატებული აზრის წყალობით დღეს ან ხვალ. ადამიანი საშიში ხდება და დედასთან დროებით გადასვლა და პრობლემისგან გაქცევა (რასაც უფრო ხშირად აკეთებენ ქალები) სიტუაციას უფრო დაძაბავს. თქვენი მეუღლე ჩათვლის, რომ ეს მისი “სიმართლის”კიდევ ერთი საბუთია. ამიტომ, როცა ეჭვიანობა გონიერების ფარგლებს სცდება, საქმე კლინიკურ სიტუაციასთან გვაქვს, თქვენ აქ ვერაფერს უშველით.  დროულად მოიხმეთ პროფესიონალები. თქვენი პრობლემით ისინი უნდა დაკავდნენ!

ნებისმიერ შემთხვევაში, ეჭვიანობა სახიფათო და დესტრუქციული გრძნობაა. მასზე ორგანიზმი (ფიზიოლოგიურად) ისევე რეაგირებს, როგორც შიშზე. პათოლოგიურად ეჭვიანებს უძილობა, თავის ტკივილები, გულის შეტევა, შეკრულობა და გონების დაბინდვა ახასიათებათ. თუმცა ზომიერი ყველაფერი კარგია: ეჭვიანობის წამიერმა გამოვლენამ შეიძლება სიყვარულის და მზრუნველობის უფრო მეტად გამოხატვისკენ გვიბიძგოს ხოლმე, ან საკუთარი თავის სრულყოფის სტიმული მოგვცეს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s