კამათის 5 წესი

 სტატისტიკით,  ჩვენი საუბრების 40% სხვებთან კამათზე მოდის. ზოგისთვის კამათი მშობლიური, ერთადერთი საარსებო სტიქიაა, სხვებისთვის ის, რასაც ნებისმიერი ხერხით უნდა განერიდო. ასეა თუ ისე, ცხოვრებაში კამათისთვის 100%-ით თავის არიდება არავის გამოსვლია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ გარდაუვალი რეალობის საშენოდ შემობრუნება და საქმისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც მაქსიმალური სარგებლის მიღება უნდა შეძლო.

1. ნუ დაიწყებთ საკუთარი განცდებით ტკბობას: ცნობიერებაში ”ცივი ზონა” დაიტოვეთ, რომელიც ”პარტერში დაჯდება” და მიუკერძოებელი დარჩება . ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპონენტის პოზიცია უკანმოუხედავად უნდა მიიღოთ – არა. თქვენი ამოცანაა – საწინააღმდეგო მხარის დებულებათა ლოგიკას მიჰყვეთ (მაშინაც, თუ გეჩვენებათ, რომ ასეთი რამ მის სიტყვებში საერთოდ არ არსებობს), ჩაანაცვლოთ მისი შემდეგი რეპლიკა და ფრაზა დაიწყოთ სიტყვებით: “მე მესმის, რომ შენ…” – და შემდეგ ჩამოაყალიბოთ მისი სავარაუდო მოსაზრება. ამის გაკეთებისთანავე საპასუხო რეპლიკას არ ელოდებით და ისე წარმოთქვამთ საკუთარ აზრსაც.

შეეცადეთ, მოკამათის ყველა არგუმენტი საკუთარი სიტყვებით გადმოსცეთ, რომ თავადაც იგრძნოთ მისი პრობლემები და (რაც ძალიან მნიშვნელოვანია!)  მანაც საკუთარი პრეტენზიები გვერდიდან გაიგონოს. ამგვარად,  ე. წ. მოწინააღმდეგე მხარის “ემოციურ საქანელას” თქვენი მიმართულებით“დაძრავთ”. ადამიანი იგრძნობს, რომ გესმით მისი და, თუნდაც დასაწყისში ძალიან კრიტიკულად ყოფილიყო განწყობილი, უფრო ყურადღებით მოისმენს თქვენს დასაბუთებას.

2. იმ შემთხვევაშიც, თუკი ოპონენტის აზრის (ან მისი გონებრივი მონაცემების მიმართ) მიმართ ძალიან სკეპტიკურად ხართ გაწყობილი: შეეცადეთ, მის საუბარს სერიოზულად მოეპყროთ. ეს შესანიშნავი საშუალებაა საკუთარი ცოდნის გასაფართოებლად, გამოცდილების დასაგროვებლად და შეხედულებების გასამდიდრებლად: ”ვინც ჩემი მეგობარი არაა, ჩემი მასწავლებელია”.

3. არასდროს მოერიდოთ პირისპირ კონფრონტაციას, ნებისმიერ კონფლიქტს შეუძლია და უნდა გახდეს კიდეც პოზიტიური და მისი ასეთად გადაქცევა – თქვენს ხელშია. ძალიან ხშირად, ჩვენ  თავს მომწიფებული კონფლიქტისგან ნამდვილი გაქცევით ვშველით. მივდივართ და  თავს ვიკატუნებთ, რომ ყველაფერი რიგზეა, “მორიგე” ღიმილს ვიკერებთ სახეზე, ერთი სიტყვით, შეშინებულ სირაქლემასავით ვიქცევით.

ნებისმიერი კონფლიქტი ფურუნკულივით მწიფდება და თუ არომატული ზეთებით მორწყავ, კარგი არაფერი გამოვა. ნუ შეგეშინდებათ რთული საუბრის წამოწყების და მანამდეც ნუ დაამთავრებთ, სანამ თითოეული თქვენგანი (თითოული!) არ იგრძნობს, რომ საქმე მკვდარი წერტილიდან დაიძრა.

ნებისმიერი კამათი ლუდის კათხას ჰგავს (ან შამპანურის, ვისთვის როგორ) – ზევიდან სქელი ქაფია და მხოლოდ მის ქვეშაა თვითონ სასმელი. ქაფი ჩვენი ემოციებია და სანამ ეს ემოცია არ დაიწრიტება, არსებითამდე ვერ მიაღწევ. აუცილებელია, თანამოსაუბრეს და საკუთარ თავს მისცეთ საშუალება, ეს ემოციები ბოლომდე გაათავისუფლოს. მხოლოდ ამის შემდეგ  მივა ორივე მხარე რაიმე გადაწყვეტილებამდე. მთავარია, სხვისი ნეგატიური ემოციები არ გადაგედოს, საკუთარისგან და საკამათო საგნისგან მკვეთრად გამიჯნო . ეს ძალიან რთულია, მაგრამ, წინააღმდეგ შემთხვევაში, განსაზღვრებიდან  “სულელისგან მესმისო” შორს ვერც თქვენ და ვერც მეორე მხარე ვერ წახვალთ… თუნდაც პროცესი ყვირილისა და ცრემლის თანხლებით მიმდინარეობდეს: “როცა ბინძური წყალი გადმოინთხევა, სუფთა და ახალი წყლის ადგილიც ჩნდება”.

4. შეეცადეთ, კამათის დროს განსაზღვროთ, სად სცილდება თქვენი თვალთახედვა ერთმანეთს და სად ემთხვევა. კი გეჩვენებათ, რომ თანხვედრა არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვითაა ასე.  თუ ზემოხსენებულ “ცივ ზონას” არ დაივიწყებთ, მაშინ მისი საშუალებით აუცილებლად იპოვით ჯერჯერობით ძალიან მცირე კუნძულებს, რომლებზეც თქვენი სურვილები და მოლოდინი თანხვდება. აუცილებლად მიმართეთ თქვენი ოპონენტის ყურადღება ამ “კუნძულისკენ”. ნებისმიერი თანხვედრა, განსაკუთრებით იქ, სადაც მას არ ელით –კომპრომისისა და შერიგებისთვის უძლიერესი საშუალებაა.

5. არავითარ შემთხვევაში პიროვნულ შეურაცხყოფაზე არ გადახვიდეთ – საკუთარ არგუმენტებში “წელს ქვევით დარტყმები” არ გამოიყენოთ.  ასეთ აკრძალულ ილეთებს მიეკუთვნება:

  • მოკამათის იმასთან შედარება, ვინც თქვენი აზრით, უფრო დადებითია ყველა კუთხით. არც ერთ ადამიანს, არც თქვენ, მოგეწონებათ მსგავსი შედარება. ნებისმიერ ჩვენგანს სულის სიღრმეში თავი საუკეთესო ჰგონია და იმის შეხსენებას, რომ ეს ძალიან შორსაა სინამდვილისგან, ნებისმიერი ურთიერთობის გაფუჭება შეუძლია.
  • კიდევ ერთი ასეთი დარტმა – მოკამათის ყურადღების მისსავე გარეგნულ თუ მანერულ ნაკლზე გადატანაა.  ამ ილეთის გამოყენება ნებისმიერ კამათს კომუნალურ სამზარეულოში ატეხილ ვაი-ვიშს დაამსგავსებს და მაშინ დათმობაზე ლამაპარაკიც ზედმეტია.
  • არ ღირს, მეორე ადამიანის “ძველი ცოდვების” გახსენებაც. აწმყოში კამათობთ და სავსებით კონკრეტული საბაბით, ამიტომ “მოცემული” თემის ფარგლებში იტრიალეთ. ყველაფრის ერთ ფუთაში მოსაქცევად არავითარი აუცილებლობა  არ არსებობს.
  • ნუ დაიწყებთ ფრაზებს სიტყვებით: ”ყოველთვის ასე აკეთებ…” ან ”შენ ისევ ისე … , როგორც მაშინ..!”. ასეთი გლობალური შეფასება ადამიანს ავტომატურ თავდაცვას აიძულებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტიც დაუსრულებელი იქნება.
  • არასდროს “უამბოთ” ოპონენტს მასზე გავრცელებული ჭორები. პასუხი მხოლოდ საკუთარ სიტყვებზე აგეთ. სხვათა ნეგატიური მოსაზრებების მოშველიება ნეგატიური ემოციების ახალ აფეთქებას გამოიწვევს. თავად თქვენ კი ჭორიკანას სახელი დაგივარდებათ.

* * *
როგორც ხედავთ, წესები ერთდროულად მარტივიცაა და რთულიც. მათი ათვისების გარეშე საეჭვოა, კამათის ხელოვნებაში წინ წავიწიოთ. ეს ცოდნა ყველასთვის აუცილებელია – იმ შემთხვევაში მაინც, თუ კამათი თქვენთვის რაღაცის სასიკეთოდ შეცვლის ხერხია. მაგრამ თუ კამათი მხოლოდ “ორთქლის გამოშვების” საშუალებაა და მნიშვნელობა არ აქვს, როგორ, ვისთან, რა ილეთებით იბრძვი და არც ის გაინტერესებს, რას ფიქრობს თანამოსაუბრე შენზე, – მაშინ ყველაფერი, ზემოთქმული, სხვისთვისაა!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s