დავაკვირდეთ, ჯანმრთელია თუ არა ჩვენი ფრჩხილები

ფრჩხილი ლამინირებულ ფირფიტას წააგავს, რომელიც ცილოვანი ნივთიერებისგან – კერატინისგან არის აგებული.      ჯანმრთელი ფრჩხილი გლუვი, ერთფეროვანი და  ერთგვაროვანია, არც ლაქები აქვს და არც ბორცვაკები, თუმცა მცირე ცვლილებები ყოველთვის დაავადებაზე არ მიუთითებს. მაგალითად, შესაძლოა, ფრჩხილის ფუძიდან კიდემდე ვერტიკალური ხაზი გაჩნდეს და ერთ დროს იდეალურად ლამინირებულმა ფირფიტამ ერთგვაროვნება დაკარგოს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ასაკის ბრალია. კიდევ ერთი უვნებელი ცვლილებაა თეთრი ლაქები, რომლებიც ზოგჯერ ფრჩხილის ტრავმის შედეგად ჩნდება, ზოგჯერ კი სრულიად უმიზეზოდ და, როგორც წესი, ფრჩხილის ზრდასთან ერთად ქრება.

ცხადია, არსებობს საყურადღებო ნიშნებიც, რომლებიც ამა თუ იმ დაავადებაზე (თუნდაც მსუბუქზე, უმნიშვნელოზე) მეტყველებს:

  •    ყვითელი ლაქები;
  •   ფრჩხილის გაყოფა ფუძიდან – ონიქოლიზისი;
  • ჩაღრმავებები, რომლებიც ღარივით გასდევს მთელ ფრჩხილს;
  • მრავლობითი წერტილოვანი ლაქა;
  • გამჭვირვალობადაკარგული, თეთრი ფრჩხილები;
  • ტალღოვანი ფრჩხილები.

მოვლა: ფრჩხილებს ლამაზი და ჯანმრთელი იერი რომ ჰქონდეს, გაითვალისწინეთ რამდენიმე მარტივი რჩევა:

  • ნუ გამოიყენებთ ფრჩხილებს არადანიშნულებისამებრ. შესაძლოა, ამ სიტყვებზე გაგეღიმოთ, მაგრამ თუ გაიხსენებთ, როგორ ცდილობდით ფრჩხილით ბოთლის საცობის ამოძრობას ან კონსერვის გახსნას, რჩევა არცთუ ულოგიკო მოგეჩვენებათ.
  • ნუ მოიკვნეტთ ფრჩხილებს და ნურც კუტიკულას შემოაცლით. ნუნების ამოჭრა ფრჩხილს აშიშვლებს და ინფექცია იოლად იჭრება მის ქსოვილში. თუ ესთეტიკური მიზნით კუტიკულისგან გათავისუფლება მაინც გადაწყვიტეთ, ეცადეთ, ჰიგიენისა და ასეპტიკის ნორმები დაიცვათ. ამავე საფრთხეს უქადის ფრჩხილს კვნეტაც – ფრჩხილი და მის გარშემო არსებული ქსოვილი იოლად ინფიცირდება და პარონიქია ვითარდება.
  • ეცადეთ, ფრჩხილები მშრალად და სუფთად შეინარჩუნოთ. სისველე ბაქტერიებისა და სოკოს გასამრავლებლად იდეალური გარემოა. ასე რომ, აბაზანის მიღებისა თუ აუზში ცურვის შემდეგ ფრჩხილები საგულდაგულოდ გაიმშრალეთ.
  • თუ დიდხანს რეცხვა გიწევთ, აუცილებლად გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები. ნურც ჭუჭყის ამოწმენდა დაგეზარებათ. სწორედ ჭუჭყიან ფრჩხილებში მრავლდება მავნე მიკროორგანიზმები ყველაზე სწრაფად.
  •  ეცადეთ, არ ამოიჭრათ ფრჩხილის გვერდითი ნაწილი და კანის უხეში წარმონაქმნები, რომლებიც ფირფიტას გვერდიდან აკრავს – ფრჩხილის ქსოვილი იოლად დაზიანდება. უმჯობესია, ფრჩხილი ჰორიზონტალურად მოიჭრათ და ეს ფორმა შეუნარჩუნოთ მომავალშიც.
  • ატარეთ კომფორტული ფეხსაცმელი. მოჭერილი ფრჩხილს აზიანებს და შესაძლოა, მისი ჩაბრუნებაც კი გამოიწვიოს.
  • გაითვალისწინეთ, რომ კვება ფრჩხილსაც სჭირდება. რაღა თქმა უნდა, ის ორგანიზმიდან იღებს საჭირო საკვებს, მაგრამ ურიგო არ იქნება, თუ მასაც, როგორც კანს, მკვებავი ლოსიონებითა და კრემებით გავანებივრებთ. ფრჩხილს განსაკუთრებული კვება ლაქის მოცილების შემდეგ სჭირდება.
  • ყურადღებით დააკვირდით ფრჩხილზე გაჩენილ ცვლილებებს. თუ ისინი მცირე ხნის შემდეგ თავისთავად არ გაქრა, არათუ არ გაქრა – სხვა სიმპტომებმაც იჩინა თავი, უთუოდ მიმართეთ ექიმს.

ოპერაცია “მანიკიური”: თუ გიყვართ ფრჩხილების დაფარვა ფერად-ფერადი თუ უფერული, მაგრამ ეფექტური ლაქით, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ფრჩხილის ფირფიტას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების შედეგად კერატინის ფირფიტა ნელ-ნელა ზიანდება და სტრუქტურას იცვლის – თხელდება, მტვრევადი ხდება. თუ ფრჩხილის ფირფიტა შესამჩნევად გათხელდა:

  • გადაისვით გამამაგრებელი ეფექტის მქონე სპეციალური სამკურნალო საშუალება, ოღონდ მაქსიმალურად ერიდეთ ხსნარს, რომელიც შეიცავს ტოლუინის სულფონამიდსა და ფორმალდეჰიდს – ორივე მეტად ძლიერმოქმედი ნივთიერებაა, აღიზიანებს კანს და სიწითლეს აჩენს.
  • ლაქის ერთ ფენაზე მეტს ნუ გადაისვამთ. საზოგადოდ, ლაქი ფრჩხილს ტენის შენარჩუნებაში ეხმარება, მაგრამ მისი სქელი ფენა უკუეფექტს იწვევს.
  • ეცადეთ, ლაქის მოსაცილებელი უაცეტონო სითხე შეიძინოთ. თუ ხსნარი აცეტონს შეიცავს, კვირაში ერთ ჯერზე მეტად ნუ გამოიყენებთ.
  • მიიღეთ ბიოტინი. 2,5 მგ საკმარისია, რომ ფრჩხილი გასქელდეს.
  • ფრჩხილის სტრუქტურა მკაცრი დიეტის დროსაც იცვლება, ასე რომ, თუ საკუთარ ფრჩხილებზე ზრუნავთ, ნუ იშიმშილებთ.
  • ძალიან კარგია ვიტამინებისა და მიკროელემენტების კომპლექსის მიღება.

5 ფაქტი 5 თითის შესახებ

  • ხელის ფრჩხილები ყოველდღე საშუალოდ 0,1 მილიმეტრით იზრდება, ხოლო ფეხისა – ყოველ თვ მხოლოდ და მხოლოდ 1 მილიმეტრით. გარდა ამისა, ფრჩხილის ზრდის სიჩქარე დამოკიდებულია ასაკზე, წელიწადის დროზე, ფიზიკური აქტიურობის დონეზე და, რაღა თქმა უნდა, მემკვიდრეობაზე.
  • ზრდის სიჩქარე თავად ხელებზეც სხვადასხვანაირია: ფრჩხილი უფრო სწრაფად იზრდება დომინანტ ხელზე, მაშასადამე, თუ ცაცია ბრძანდებით – მარცხენაზე.
  • გაგიკვირდებათ, მაგრამ ქალს ფრჩხილები უფრო ნელა ეზრდება, ვიდრე მამაკაცს. აი, ორსულობისას კი შესაძლოა ქალებმა აჯობონ.
  • ფრჩხილი ზაფხულში უფრო ინტენსიურად იზრდება, ვიდრე ზამთარში.
  • ფრჩხილის ზრდა შესაძლოა შეაფერხოს ამა თუ იმ დაავადებამ, მედიკამენტის მიღებამ, ტრავმამ, დაბერებამ.

დაიხედეთ ფეხის თითებზე
ფეხის ფრჩხილებს ხშირად ჯანმრთელობის ბარომეტრსაც უწოდებენ. თუ კარგად დავაკვირდებით, შეიძლება მათზე ამა თუ იმ პათოლოგიის ნიშნები შევამჩნიოთ. მაგალითად, თუ ფეხის ფრჩხილები მოკლე ხანში შესამჩნევად გასქელდა, შესაძლოა, ეს ფსორიაზის ნიშანი იყოს. ასე რომ, ფეხებზე დახედვა დროდადრო ნამდვილად არ გვაწყენს. ყველაზე ხშირად კი ფრჩხილის ჩაზრდას (ჩაბრუნებას) და სოკოვან დაავადებას უჩივიან. უკანასკნელის შესახებ ინფორმაციას ამავე ნომრის მთავარ თემაშიც იხილავთ, პირველზე კი ცოტა უფრო დაწვრილებით შევჩერდეთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s